დარწმუნებული ხართ?
გაზიარება:
თითქოს ომში მიდიოდეს – ისე მიდის ხოლმე სამშობლოდან; შორიდან ლექსებს იწერება წერილებივით. შინ დარჩენილ ცოლ-შვილს, და-ძმებს, ძვირფას დედას სევდიანად ეხმიანება. ამ ლექსების ენერგია მის თავგადასავალს მთლიანად იტევს. ყველაზე მშვიდ წუთებშიც, როცა თითქოს პოეზია არსაიდან და არსაითკენ, უბრალოდ უნდა გადმოიღვაროს – მაშინაც კი შინაგანი მზერით დაძაბულია – გულის თვალი აქეთ მოურბის. ყველა ლექსს ადრესატი ჰყავს, ყველა ლექსი ამ ძნელ გზაზე, როგორც უდაბნოდან აღთქმული მიწისკენ – ზურგის ქარითაა გამოდევნილი.
ხმაურიანი მეგაპოლისები. მათი ფითრი და უმიზეზო უგუნებობა. ნეონების მჭახე შუქში ალაპლაპებული უცხო ენა და სისხლში ძველი ტყვიასავით ჩარჩენილი მშობლიური ანბანის სევდა... ეს სოსო მეშველიანის პოეზიაა: მარადისობის ნაღვლიანი მგზავრული.